პარასკევი, 2024-04-26, 6:01 AM
w w w . p 1 n k . t k
მოგესალმები სტუმარი | RSS

საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
P ! N K [11]
მ ო დ ა [4]
მუსიკა [10]
სურათები [12]
კლიპები [10]
თამაშები [16]
ფილმები [33]
პროგრამები [10]
სხვა... [7]
წიგნები [6]
Emkay [4]
mobile [8]
ბიოგრაფიები [7]
სიცილის ოთახი [13]
ძებნა
Block title
შესვლის ფორმა
sakaifo muzonebeee
მთავარი » 2009 » ნოემბერი » 28 » ვაჟა-ფშაველა (1861-1915)
11:47 AM
ვაჟა-ფშაველა (1861-1915)

ვაჟა-ფშაველა

(1861-1915)

ფშავში, მდინარე ჩარგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვითკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს (ახ. სტ. 26 ივლისს) დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყოლია: გიორგი, მართა, ნიკო (ბაჩანა), თედო და ალექსანდრე (სანდრო). შემდგომში ბაჩანა და თედო ცნობილ მწერლებად მოგვევლინებიან ჩვენს ლიტერატურაში. მოგვიანებით ვაჟა-ფშაველა ასე გვამცნობს თავის ბიოგრაფიას: „მე ვარ წმინდა ფშაველი ჩამომავლობით, როგორც დედით, ისე მამით. დედაჩემი იყო ივრელი ქალი, სოფელ სხლოვნიდან, ფხიკლიანთ გვარისა... სათემო გვარი ფხიკლეშვილებისა არის გაბიდოური. ღვიძლი ბიძა დედაჩემისა პარასკევა პირველი მოლექსე იყო ფშავში. საუბედუროდ წერა-კითხვა სრულიად არ სცოდნია...წერა-კითხვა არც დედაჩემმა იცოდა, თუმც ბუნებით იყო ფრიად ნიჭიერი, შესანიშნავი მეოჯახე და მოწყალე, გლახის გამკითხველი, მეზობლის დამხმარე“. როგორც ვხედავთ, დედის მხრივ ვაჟას თან დაჰყოლია პოეტური მიდრეკილება და გულგაშლილობა. მოხდენილად გვამცნობს დიდი პოეტი მამის - პავლე რაზიკაშვილის პიროვნებას. „მე როცა მამაჩემი ვიცანი მამად, მაშინ იგი მთავარდიაკვნად იყო სოფელ მაღაროსკარში, სოფელ ჩარგალზე რვა ვერსზედ დაშორებით“. ვაჟას თქმით, პავლე რაზიკაშვილი გარდა პირადი სამსახურისა, ვაჭრობასაც მისდევდა, რამდენიმე ადგილას დუქნები ჰქონდა“.

სწორედ პავლე რაზიკაშვილმა, პირშიმთქმელმა, სიზარმაცის მოძულემ და ვაჟკაცობის ტრფიალმა, შორეულმა ჩამომავალმა „გარუსების მოწინააღმდეგე“ სახელგანთქმული მონადირის ბოიგარისა, ჩაუნერგა პატარა ლუკას წიგნის სიყვარული. პავლე უამბობდა შვილებს დავით აღმაშენებელზე, ნაპოლეონსა და გამბეტაზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს”, მზეჭაბუკისა და ჯიმშერის ამბავს, ვიქტორ ჰიუგოსა და ჟორჟ სანდის ნაწარმოებთა პერსონაჟებს; რასაკვირველია, სახელოვანი თანამედროვეების – ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მღვდელი პავლე რაზიკაშვილისათვის მით უფრო ძნელი არ იყო ჩაენერგა შვილებისათვის სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. „ჩაუჯდებოდა ხორცს საკეფლად ფიცარზე, იქვე ტახტზე მეც ჩავუჯდებოდი პირდაპირ და ვუგდებდი გაფაციცებით ყურს იმის ტკბილ საუბარს. მუდამ მიამბობდა მოთხრობებეს ძველი საღმრთო ისტორიიდან”, - გვიყვება ვაჟა. დედა გულქანი აცნობდა ლუკას საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს.

ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე. ღვთიური ნიჭით მადლმოსილი, ცნობისმოყვარე, წარმტაც მომავალზე მეოცნებე პატარა ბიჭისათვის, რომელსაც თავი ბიბლიურ სამსონ ძლიერად ჰყავდა წარმოდგენილი, თავის გარემოში ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი, რომ ფანტაზია გალაღებოდა, დიადი სურვილები გასჩენოდა და ნივთიერად უზრუნველყოფილ ოჯახში წიგნისა და ლამაზი ოცნების ცხოვრებით ეცხოვრა.

რვა წლის ლუკა თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. აქედან დაიწყო მომავალი პოეტის სულიერი ტანჯვა. მდიდარ სულიერ საზრდოს ნაჩვევი ბავშვისათვის გონების ბორკილად იქცა სწავლის უვარგისი სისტემა.

მშობლები მაშინდელ სკოლაში შვილებს, ვაჟას თქმით, „განსაკაცებლად აბარებდნენ და არა გასამხეცებლად”, მაგრამ აბა, რა სიკეთე შეიძლება მოემკო ადამიანს იმნაირი სწავლისაგან, როცა ბავშვი საკუთარ მეობას, თავის ეროვნებას და მშობლიურ ენას ივიწყებდა. თვით ლუკა რაზიკაშვილიც კი, რომელიც მშვენიერი სულიერი საგზლით მივიდა სკოლაში, ლამის გადაგვარდა. „მაშინ რაზიკოვად ვიწერებოდი და არა რაზიკაშვილად. იქნებ შეურაცხყოფადაც კი მიმეღო, თუ ვინმე რაზიკაშვილს დამიძახებდა, ასე ძვირფასად მიმაჩნდა ჩემი გვარის დაბოლოვება „ოვი”-ო, - მწარედ შენიშნავს „ჩემს წუთისოფელში” ვაჟა. გასაკვირი არაა, როცა ამნაირ სკოლას ვაჟა „საპყრობილეს” უწოდებს იმიტომაც, რომ „ვერ აკმაყოფილებდა” და „ნოყიერ საზრდოს ვერ აწვდიდა” მის სულს. მკვირცხლი გონების ლუკა რაზიკაშვილი ამ სულის შემხუთავი ატმოსფეროდან გამოსავალს ეძებდა, აქეთ-იქით აწყდებოდა, რომ თავისი ცნობისწადილი დაეკმაყოფილებინა და ამით სულიერი შვება ეგრძნო, „იძულებული ვიყავი მიმემართა სხვადასხვა წიგნებისათვის, რაც ძნელი საშოვარი აღმოჩნდა. ვკითხულობდი, რაც შემხვდებოდა განურჩევლად, რადგან ხელმძღვანელი არა მყავდა და ამის გამო ასტრონომიულს, რისიც არაფერი გამეგებოდა,უფრო ბევრსა ვკითხულობდი, ვიდრე საბუნებისმეტყველო, ან საისტორიო წიგნს: ცაზე დავფრინავდი, როცა დედამიწისა არაფერი გამეგებოდა”, - წერს ვაჟა მისი ცხოვრების ამ მონაკვეთის შესახებ.

ნიჭი და მოზღვავებული ყმაწვილური ენერგია გამოსავალს ეძებდა და როცა პატარა ლუკა საღი გონებრივი ვარჯიშისათვის შესაფერის ასპარეზს ვერ პოულობდა, ფიზიკური ვარჯიშისაკენ მიისწრაფოდა, ლუკას მოუთოკავი სულიერი ენერგია ფიზიკურ ძალად გადაიქცა სპორტში, კრივსა და ჭიდაობაში ლამობდა სურვილების დაკმაყოფილებას. და არაჩვეულებრივად გამორჩეული მხატვრული მონაცემების ბავშვი რომ არ ყოფილიყო ლუკა რაზიკაშვილი, რომ შემდეგ სულიერად და ზნეობრივად უკეთეს პირობებში არ მოსწეოდა მას ცხოვრება, შეიძლება ეს დიდი მონაცემები ჩამკვდარიყო და აღარც ჩვენს კულტურას შეჰმატებოდა მისი მშვენება ვაჟა-ფშაველას სახით. საბედნიეროდ, ნიჭთან ერთან ბევრი გამორჩეული თვისება და მათ შორის მტკიცე ნებისყოფაზე დამყარებული პიროვნული ძლიერების შეგრძნების განსაკუთრებული უნარიც იყო ის ფაქტორი, რამაც შესაძლებელი გახადა ამ დიდი ნიჭის გადარჩენა.

თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა. ლუკას განსაკუთრებით რუსული ენის სწავლა უჭირდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ვერ განაგრძო სწავლა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში. თბილისშიც ლუკა თავისი ინტერესებით ცხოვრობდა; ჭიდაობა, კითხულობდა, კამათობდა. ამ დროიდან იწყებს ლექსების წერასაც.

1879 წელის სექტემბერს ვაჟა შედის გორის საოსტატო სემინარიაში. არც თუ დიდი წარმატებით აბარებს გამოცდებს, მაგრამ შემდეგ დიდი მონდომებით ეკიდება სწავლას.

ლუკა „კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების” სტიპენდიანტი იყო. ამ საზოგადოების ინტერესების დასაცავად უკვე მოწიფულ პოეტს საინტერესო წერილიც აქვს დაბეჭდილი („ერთი კვირა ხევსურეთში” 1892 წ.), თუმცა დედაენის სწავლისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს კიდეც მას. გორშიც უჭირდა ვაჟას „კაზიონური” რეჟიმისადმი შეგუება, მაგრამ მაშინდელ სემინარიაშიც იყვნენ პროგრესულად მოაზროვნე პედაგოგები, რომლებიც ვაჟას მფარველობდნენ. ცნობილი მოღვაწე მიშო ყიფიანი და სემინარიის დირექტორი სემიონოვი განსაკუთრებით აფასებდნენ მომავალი პოეტის ნიჭს; ამ პერიოდში ვაჟა პოეტურად მომწიფების ფაზაშია. საზოგადო მოღვაწეობისაკენ ერჩის გული. უკვე აშკარად შეინიშნება, რომ გამოკვეთა თავისი საქმიანობის ნამდვილი არსი, - საზოგადო მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება მისი არსებობის სასიცოცხლო ფორმად იქცა. ვაჟას თანაკლასელები გვიამბობენ, რომ თავდაპირველად, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მომავალი პოეტი პოლიტიკით იყო გატაცებული. შემდეგ, გონებრივი და მხატვრული ინტერესების მომწიფება-გაღრმავების კვალობაზედ, ინტერესი პოლიტიკისადმი თითქოს დაეკარგა, ან იგი უკანა პლანზე გადაიწია და მისი ადგილი ლიტერატურამ დაიკავა. ვაჟა უკვე სწავლასაც უმატებს, მოწინავე მოსწავლეა. სემინარიელთა ხელნაწერ ჟურნალ „რიჟრაჟის” აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელია. ვაჟას ლექსებს, მთელ მის საქმიანობას თვალს ადევნებენ ცნობილი მოღვაწეები და მწერლები: ანტონ ფურცელაძე, სერგეი მესხი და სოფრომ მგალობლიშვილი. ისინი აქებენ და ლიტერატურული შრომისათვის აქეზებენ. ყოველივე ეს ვაჟას შემოქმედებითი ნაყოფიერების სტიმულადაც იქცევა: თარგმნის რუს მწერალთა ნაწარმოებებს, კითხულობს რეფერატებს დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ნ. ბარათაშვილის, ა. კოლცოვის, ნ. ნეკრასოვის, ი. დავითაშვილის შესახებ. ბეჭდავს კორესპოდენციებს და ლექსებს გაზეთ „დროებასა” და ჟურნალ „იმედში” ... ამ დროიდან, 1882 წლიდან, იწყება ვაჟას ახალი ცხოვრება. იგი ერთხანს ერწოში, სოფელ ტოლაანთსოფელშია მასწავლებელად, შემდეგ კი, 1883 წლის აგვისტოში, მიემგზავრება პეტერბურგს და შედის თავისუფალ მსმენელად უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. დიდი მეცნიერისა და მამულიშვილის ექვთიმე თაყაიშვილის მოგონებით, პეტერბურგში ვაჟა „ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომებს სათვისტომოს საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად ... და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსების ზეპირად დამახსოვრება”. სულიერად და მატერიალურად უჭირს სამშობლოსაგან მოშორებულ ვაჟას. ეს იყო მიზეზი, რომ მან ვერ მოახერხა გამოენახა საარსებო წყარო, ვერ შეძლო თaვი დაეღწია ნივთიერი გაჭირვებისათვის და 1884 წლის შემოდგომაზე წიგნებით, ლექციების ჩანაწერებით, „სტუდენტთა კასის” ვალით (რადგან გამოსამგზავრებელი ფული არ ჰქონდა), მშობლიურ ჩარგალში ბრუნდება. ამ დროიდან იწყება მისი მშფოთვარე, მძიმე ყოფითი საზრუნავითა და მძაფრი სულიერი ჭიდილით სავსე ცხოვრება.მას ბედმა ერთობ შებოჭილი და მძიმე ცხოვრება არგუნა. საარსებო სასუალებათა ძიების აუცილებლობამ სოფელ ოთარაშენში თავად ამილახვრის ოჯახში მიიყვანა და ერთხანს აკისრებინა კერძო რეპეტიტორის მძიმე და უმადური მოვალეობა. შემდეგ კი, იგი ( 1886 წლის 17 ოქტომბერს ) სოფელ დიდ-თონეთში იწყებს მასწავლებლობას ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებასთან არსებულ სკოლაში თვეში ოცდახუთ მანეთად ( ე. ი. წლიურად 300 მანეთად) ცხოვრობს აქ უკვე ცნობილი შედევრების ავტორი, ნივთიერ სივიწროვეში; ამაყი და სიმართლის მაძიებელი ვაჟა ვერ ურიგდება უსამართლობას, წვრილმანობას, სიტყვით და ძალით უპირისპირდება ადგილობრივ „ბობოლებს” , სოფლის მამასახლისს და მის დამქაშებს. იწყება განუწყვეტელი ცილისმწამებლური საჩივრები ვაჟაზე: ვაჟას შესამოწმებლად ერთმანეთს ცვლიან რევიზორები და „კომისრები” . ალალმართალ ვაჟას, ქართველების სათაყვანებელ ნიჭიერ პოეტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების სხდომებზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი თავმჯდომარეობდნენ, უწევს ახსნა-განმარტებითი ბარათების წარდგენა. ჩვენი დიდი მოღვაწეებიც ხედავენ ვაჟას სიმართლეს, მაგრამ უფრთხილდებიან მის არსებობას, ეშინიათ, რაიმე არ შეემთხვეს დიდი მომავლის მქონე პოეტს და 1887 წლის 11 ივნისს გამგეობას გამოაქვს დადგენილება ვაჟას თონეთის სკოლის მასწავლებლობიდან გათავისუფლების შესახებ.

რასაკვირველია, სულიერად ეს იყო დიდი ტრავმა უსამართლოდ დაჩაგრული პოეტისათვის, რომელსაც მთელი სოფელი პატივს სცემს და ხელმოწერითაც დოკუმენტურად ადასტურებს მასთან თანადგომას. ამდენ გაჭირვებასა და წუხილში თუკი რაიმეს სინათლისა და სიხარულის შუქი შეაქვს ვაჟას ცხოვრებაში, ეს ისევ და ისევ შემოქმედებითი სიხარული და სიყვარულია, სიყვარული, რომელიც ახალგაზრდა პოეტისათვის მრავალ შედევრთა შექმნის იმპულსიცაა...

და ბოლოს, 1886 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ამილახვრიანთ ოჯახში რეპეტიტორობის ჟამს, ვაჟამ სიყვარული გამოუცხადა ამავე ოჯახში აღზრდილ, მაღალი სულიერი თვისებებითა და გარეგნული სილამაზით შემკულ, იმ დროს დაქვრივებულ ეკატერინე (კეკე) ნებიერიძეს, და დაქორწინდა კიდეც მასზე. თავისებური იყო ვაჟას დაქორწინების ფაქტი. ვაჟა იღებს გადაწყვეტილებას და მის ურყეობაში დარწმუნებული ატყობინებს მამას და ძმებს, დახვდნენ მცხეთაში. არ მისდევს ტრადიციას, სიმშვიდის, ურთიერთგაგებისა და სიყვარულის ატმოსფერო სუფევდა ახალ ოჯახში. ეს ხანა არაჩვეულებრივი ნაყოფიერებით გამოირჩევა ვაჟას შემოქმედებაში. მაგრამ, დიდი აკაკის თქმისა არ იყოს, „ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?!” ჯერ იყო და თბილისში სამსახურის მაძიებელს, ხელი მოეცარა, მერე ჩარგალში მყოფს 1890 წელს უბედურება დაატყდა თავს, ერთი თვის მანძილზე დაჰკარგა მშობლები – 56 წლის დედა და 59 წლის ჯანმაგარი მამა. მშობლები ბურჯივით ედგნენ მხარში ვაჟას და ყოველნაირად ხელს უწყობდნენ თავიანთ რჩეულ შვილს შემოქმედებით მუშაობაში. ამის შემდეგ ძმები გაიყარნენ. ვაჟა საბოლოოდ დამკვიდრდა ჩარგალში და აქ გაატარა თავისი სიცოცხლის წლები. ამ დროიდან მოყოლებული ვაჟა ფიზიკურად ბევრს შრომობს, მაგრამ თანამედროვეთა გადმოცემით, დიდი მეურნის უნარს ვერ ავლენს და ეს გასაგებიცაა. „სხვაგან რბის მისი გონება” _ პოეტური ცხოვრებაა მისი არსებობის ფორმა და არა გლეხკაცური ჭიდილი მთის მწირ მიწასთან. 1892 წელს ციმბირის წყლული შეეყარა ვაჟას და მარჟვენა თვალი დაუზიანა. მძიმე ოპერაცია გადაიტანა პოეტმა...კიდევ მრავალი ნაამბობი და მოგონებაა მოღწეული ჩვენამდე ვაჟას შეჭირვების შესახებ, მაგრამ პოეტის ამდროინდელ ფიზიკურ სახეს და სულიერ განწყობილებას ყველაზე უფრო შთამბეჭდავად 1896 წელს გამოქვეყნებული მისი „სიმღერა” (ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს) გვამცნობს:

„არც-რა ტანთ მცვია, არც ფეხთა,

დავდივარ დედიშობილა,

მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,

ვინც სიღარიბით ცნობილა...

........................

ჩემს გარდა ასეთს ყოფაში

მრავალი სხვაცა ყოფილა...

........................

ხარს ვგევარ ნაიალაღარს,

რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ;

ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!

მძინარიც ამას ვდუდუნებ,

საწყალთ საწყლობა რომ მესმის,

იმათ ვარამზე ვწუწუნებ;

არც როს უსაქმო არა ვარ,

მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.

ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,

ბეჩავთაც გავუზიარებ,

სიკეთისათვის სიკეთეს

არავის დავუგვიანებ,

ავის თქმით, ავის ქცევითა

გულს არვის დავუზიანებ”...

თვითონ ვაჟა მართლაც არის ამ სტრიქონებში გატარებული პრინციპების დამცველი, მაგრამ მის მიმართ კი ადამიანები იცავენ ტაქტს, იჩენენ სიფაქიზეს? ვაჟას გამუდმებული დავა რედაქციებთან გამომცემლობებთან ხომ პოეტისადმი უსულგულო დამოკიდებულებას მოწმობს მხოლოდ.

1902 წელს კვლავ დიდი უბედურება დაატყდა პოეტს. მისი სახლში არყოფნის ჯამს, მოულოდნელად, 36 წლის ასაკში დაეღუპა საყვარელი მეუღლე კეკე. თანამედროვეთა დახასიათებით, „მეტად ლამაზი, გულკეთილი და ადამიანის მოსიყვარულე ქალი”. ამ ნათელი სულის ადამიანის პოეტური გამოტირებაა იმ დროს შექმნილი ვაჟას „სიმღერა” („იას უთხარით ტურფასა, მოვა და შეგჭამს ჭიაო”). ამ დიდ მწუხარებასთან ერთად, ვაჟას ერთიორად დაუმძიმდა ცხოვრების ტვირთი.

1904 წელს ითხოვა ვაჟამ მეორე ცოლი, გიორგი დიდებაშვილის ასული ნინო, შემდეგ თამარად წოდებული. ერთი წლის შემდეგ ოჯახს მეხუთე შვილი შეეძინა. ვაჟა მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ცოლ-შვილი არჩინოს: ხნავს, თესავს, მკის, თიბავს, ნადირობს, მჟავე წყალთან დაკავშირებით (ახლა რომ ვაჟას წყალს უწოდებენ) დავა აქვს და ბოლოს ხალხის სასარგებლოდ წყვეტს საკითხს.

ვაჟა „თავისუფლების მგოსანს” უწოდებდა თავს და, ბუნებრივია, რომ მას სიტყვით და საქმით სიმპათია და თანადგომა გამოეხატა 1905 წლის რევოლუციისადმი. ამ მოძრაობისაგან ბევრ სასიკეთოს რამეს ელოდა ჩვენი ინტელიგენცია და მათ შორის ვაჟასც.

პოეტი პრაქტიკული ცხოვრებისათვის არ იყო დაბადებული, მას დიდი პოეტური სამყარო ჰქონდა, მით ცხოვრობდა და სულდგმულობდა. ყოფის წვრილმანებთან ყოველგვარი შეხებისას ვაჟა ღიზიანდებოდა. ასე დაეუფლა მის სულს სიფიცხე.

ვაჟას დაძაბული და მძაფრი შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდა. ესეც აღიზიანდებდა დიდ პოეტს. როცა შთაგონება, ანუ როგორც ამბობს „თავისი ანგელოზები” რომ ეწვეოდა, ოჯახის სამუშაოს ტოვებდა და თავისი დიდი მოწოდების აღსასრულებლად გარბოდა.

„ლუკას ხასიათი გაგებული მქონდა. ამიტომ ხელს ვუწყობდი, ვერ ვუბედავდი დაჟინებით მეთქვა, ოჯახს შენახვა სჭირდება, გაისარჯე, ცოლ-შვილს რჩენა უნდა-მეთქი”, - გვიამბობს პოეტის მეუღლე. ეტყობა, დიდი პოეტის ცხოვრებისა და მისი მისიის შესახებ ნაკლები წარმოდგენა ჰქონდა თავისთავად კეთილშობილსა და ოჯახზე მზრუნველ მეუღლესა და დედას, როცა გულწრფელად მოგვითხრობს: „როგორც იყო, ერთხელ გაბრაზებულმა გავბედე და ვუთხარი: რა არის, კაცო, ცოლ-შვილი მშიერ-ტიტველი გყავს, შინ არაფერი გვაქვს. ყველაფერი თავდება, შენ კი ზიხარ, ჯღაბნი და სულ ჯღაბნი-მეთქი. მოველოდი ძალიან გაჯავრდებოდა, ჩემი ნათქვამისა მევე შემეშინდა. მაგრამ საქმე სხვაგვარად დატრიალდა, გაიცინა და მითხრა: „ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა, ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო”.

ცნობილი ექიმისა და მოღვაწის პროფესორ მიხეილ(ქაიხოსრო) ზანდუკელის გადმოცემით, „ვაჟა თბილისში იშვიათად ჩaმოდიოდა. შევეკითხე, თუ რატომ ხშირად არ ჩამოდის; ქალაქში ჩასვლას ბევრი რამ უნდა! უნდა ჩaიცვა, დაიხურო და სამაგისო ქონება არ მაქვსო. ღარიბი იყო ვაჟა, მაგრამ სიღარიბეზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს, მეტად ამაყი იყო. ერთხელ მოვიდა ჩემთან არანისში, ძალიან მოეწონა ჩემი კულტურული ცხოვრება, როიალი მედგა შინ, - აი, აქ შეიძლება მუშაობაო. მე ვიგრძენი, რომ ვაჟას სიღარიბე ძალიან მძიმედ აწვა”. ერთი შეხედვით, ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. ფიზიკურად შრომობს ჯანმაგარი პოეტი, რედაქციები და დროდადრო გამომცემლობები ჰონორარსაც უხდიან, მაგრამ ბევრს აწვალებენ... დაძაბულმა ფიზიკურმა და შემოქმედებითმა ჯაფამ, ჭეშმარიტი ხელოვანისთვის ნიშანდობლივმა დიდი სულიერი მრელვარებით მიმდინარე ცხოვრებამ ნაადრევად გატეხა ვაჟას ჯანმრთელობა. ბოლო წლებში ხშირად ავადმყოფობდა. ავადმყოფობის გამო აკაკი წერეთლის დაკრძალვასაც ვერ დაესწრო.

ამჯერად, ვაჟას ავადმყოფობა ერთობ ხანგრძლივი გამოდგა. გაზაფხულზე, აპრილში, ჯანგატეხილი ძლივს ჩამოვიდა თბილისში სამკურნალოდ; როგორც კი ოდნავ მოიკეთა, 1915 წლის 23 მაისს ქართული სიტყვაკაზმული საზოგადოების სახელით პოეტს გაუმართეს ლიტერატურული საღამო და მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით - „ქართული პოეზიის არწივს”. საღამოს გათავებისას, ვაჟას ორთაჭალის ბარში კარგი სუფრა გაუშალეს, შემდეგ იგი კვლავ ლოგინად ჩაწვა, იტკენდა მარცხენა ფერდს. ვაჟას მკურნალობდა ექიმი და ცნობილი კრიტიკოსი ივანე გომართელი. მისი დასკვნით, პოეტი პლევრიტით იყო ავად. ივანე გომართელის რჩევით, მოიწვიეს ქირურგი გ. მუხაძე, 5 ივნისს გ. მუხაძემ ოპერაცია გაუკეთა ვაჟას და წყალი გამოუშვა. თითქოს უკეთესად იგრძნო მგოსანმა თავი. 14 ივნისს ვაჟა გადაიყვანეს წმ. ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში, ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში. 18 ივნისს ექიმთა კონსილიუმმა (რომელსაც დაესწრნენ: სპ. ვირსალაძე, ივ. გომარტელი, გრ. რუხაძე, შ. მიქელაძე და ვლ. მახვილაძე) დაადგინა, რომ ვაჟას წყალი ჩაუდგა ფერდში. პოეტი ნატრობს მთასა და მთის წყალს. შიო მღვიმელი და სანდრო რაზიკაშვილი თხოვნას უსრულებენ. 27 ივლისს დილით პოეტი თითქოს კარგად გამოიყურებოდა, ემუსაიფა ექიმ ვლ. მახვილაძეს და მოწყალების დას ანიკო კობიაშვილს. შუა დღის შემდეგ ცუდად გახდა, რომელი საათიაო, უკითხავს, სამიო, - უპასუხნია მოწყალების დას. მიკვირს სამ საათამდე როგორ ვიცოცხლეო, უთქვამს მომაკვდავს. საღამოს ექვს საათზე პოეტმა უფრო ცუდად იგრძნო თავი და ვერაფრით გამოაბრუნეს. გულის ცემა უჩერდებოდა, მალე გონებაც დაკარგა. ერთი საათის შემდეგ აღესრულა ქართველთა სათაყვანებელი პოეტი – ვაჟა ფშაველა. საღამოს რვა საათზე მთელ ქალაქს მოედო თავზარდამცემი ამბავი.

ჩვენმა სახელოვანმა მოქანდაკემ ნიღაბი აუღო პოეტს.

ამ ქვეყნიდან წავიდა ვაჟა და ამიერიდან დაედო სათავე მარადიულობაში გადასულ სულიერ სიცოცხლეს. რასაკვირველია, მიღებულ იქნა ღონისძიება, რომ ვაჟა დაესაფლავებინათ ღირსეულად. ქართველ ინტელიგენტთა ერთი ნაწილის დაბეჯითებითი მოთხოვნის მიუხედავად, სანდრო შანშიაშვილის თქმით, „მაშინდელმა მესვეურებმა ღირსად არ სცნეს ვაჟა მთაწმინდაზე დაეკრძალათ“.

ჩვენი საუკუნის ოციან წლებში უკვე ცხადი გახდა, რომ „ვაჟა-ფშაველა უნდა ამოვიდეს დიდუბიდან და ავიდეს მთაწმინდაზე“, და რომ “მთაწმინდა ისე არავის ეკადრება, როგორც ამ მართლა წმინდა მთას” (ტ. ტაბიძე)...

მაგრამ მხოლოდ ვაჟას გარდაცვალებიდან ოცი წლის თავზე, 1935 წლის 16 ოქტომბერს, მოხერხდა ვაჟას ნეშტის გადასვენება დიდუბიდან მთაწმინდაზე. ამიერიდან „დიდ მთაწმინდელთა“ სახელს კიდევ ერთი ღირსეული სახელი მიემატა – სახელი ვაჟა-ფშაველასი.

b y t A n C o R !

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 630 | დაამატა: SaiTi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

რეკლამა საიტზე
კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
მინი-ჩეთი
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასე
სულ პასუხი: 96
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის მეგობრები
Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz